დაფასოებული ნარკოტიკი, რომელიც კადრებში ჩანს, სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის და სამალავებში დადების მეთოდით უნდა გაყიდულიყო. ნარკოდანაშაულის ფაქტი პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე აღკვეთა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და ფონიჭალაში გამსახურდიას ქუჩაზე მობილიზდნენ.
ერთ-ერთი სახლიდან 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 ფსიქოტროპული აბია ამოღებული. დაკავებულია 34 წლის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ბაშირ ალასკაროვია. შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის მთავარი მტკიცებულებები ალასკაროვს სამზარეულოს ჭურჭელში ჰქონდა დამალული. ფონიჭალაში, ალასკაროვის დაკავებაზე საუბარს ყველა თავს არიდებს.
საპოლიციო ღონისძიების დეტალები "კურიერთან" დაკავებულის მეზობელმა გაიხსენა. ქალმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკისას სახლიდან კონკრეტული ნივთმტკიცებები გამოიტანეს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, მისი ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულს აღიარებს. ბაშირ ალასკაროვს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა.
34 წლის მამაკაცს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ალასკაროვის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლით მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს კომენტარი გააკეთა.
ბოლო დღეებში ნარკოდანაშაულის დაკავებულების საქმეზე, მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების დასადგენად ამ დრომდე მუშაობენ.