საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ქალაქ თელავში, ბრალდებული მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.