14 აგვისტო 2026,   13:24
ვრცლად
მმართველი პარტიისთვის, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, პოლიტიკური შანტაჟი და ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა

მმართველი პარტიისთვის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, პოლიტიკური შანტაჟი და ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა. მმართველი გუნდის აზრით, ამის ერთადერთი მიზანი ქართველ ხალხზე ზემოქმედებაა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობით ეკიდება უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმების სრულფასოვნად შესრულებას და თუ ვიზალიბერალიზაციას რაიმე ფორმით საფრთხე დაემუქრება, ეს უკვე პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იქნება.

უცხოეთში საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში სახელისუფლებო ძალა ოპოზიციური პარტიის უმრავლესობის ხელწერას ხედავს, თუმცა მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ პოლიტიკურ პარტნიორებს გამოარჩევენ. თინა ბოკუჩავა აღიარებს, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში, ნამდვილად მუშაობენ, თუმცა არა საქართველოს დასანქცირებაზე და პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს შეუჩერდეთ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში მიაჩნიათ, რომ ობიექტური შეფასების პირობებში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება შეეზღუდოს. აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ უსამართლო მიდგომებით იქნება შესაძლებელი, რაც მარტივად გამოაშკარავდება. ასეთ პირობებში კი საზოგადოება მეტად დაიცავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და ევრო ბიუროკრატიის მიმართ სკეპტიციზმს გაზრდის.

ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშს დეკემბერში გაასაჯაროებს. დოკუმენტში ყველა იმ ქვეყნის შესახებ იქნება საუბარი, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილდება.

დღის ამბები