თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო პატარებისთვის - 36 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ბავშვი ისარგებლებს.
საერთაშორისო სტანდარტების შენობები 6 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტში აშენდება, მათ შორის მარტვილში, ბორჯომში, გორსა და სიღნაღში. საბავშვო ბაღებისთვის ტერიტორიები უკვე შერჩეულია. სამშენებლო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ჩატარდება.
პროექტები კვების თანამედროვე სივრცეებს, კომფორტულ საძინებლებსა და მრავალფეროვან სათამაშო ზონებს ითვალისწინებს. შენობებში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები მოეწყობა. შეიქმნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.
თითოეული ბაღისთვის უკვე განსაზღვრულია როგორც დიზაინი, ისე საჭირო ოთახების რაოდენობა. გათვალისწინებულია ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. დამონტაჟდება სათამაშო და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
მოეწყობა მწვანე ზონებიც. 36 საბავშვო ბაღის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ფონდის გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს ტენდერის გამოცხადება კიდევ იგეგმება. თანამედროვე საბავშვო ბაღები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება.