რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.
გარე მტრული ძალების მიზანი კი მათი შეფასებით საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა.
"კარგად გვახსოვს, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ხვდებოდა რუს ტურისტებს. "ნაცების" სპიკერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები პრობლემას არ წარმოადგენს, რუსი ტურისტები პრობლემას არ წარმოადგენს. რა შეიცვალა ახლა? რატომ გახდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა მიუღებელი ამ ადამიანებისთვის? იმიტომ, რომ ხედავენ - საქართველომ სწორი, პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკით მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და ეს არ სიამოვნებთ. ეს არ სიამოვნებთ, ვინაიდან მიზანი არ იქნა მიღწეული.
მთავარი მიზანი რა იყო? მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი და როგორც დღეს უკრაინაა ჩათრეული ამ უმძიმეს, პროვოკაციულ ომში, საქართველოსაც ასევე გააფთრებით უნდა ებრძოლა რუსეთის - მათი მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. აი, ეს იყო "დიფ სთეითის" მთავარი ჩანაფიქრი, რომ მათ არ სჭირდებათ განვითარებული, მშვიდობიანი საქართველო. მათ სჭირდებათ მებრძოლი საქართველო, რომელიც იბრძვის დასავლეთის ინტერესებისთვის," - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.