ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი კამპანიისა და გარე ძალების დავალების კიდევ ერთი გამოვლინებაა მმართველი გუნდის შეფასებით გია ბარამიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ქართველი მეომრები ტყვეებს ხვრეტდნენ.
უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიცია ანტიქართული ნაბიჯებით ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს.
გია ბარამიძის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებას საერთაშორისო განხილვების შემდეგ რაუნდზე აუცილებლად წარადგენენ.
"ეს არის ოდესღაც მაღალი თანამდებობის პირის აღიარება. იმ პირის, რომელიც დიდ ძალაუფლებას ფლობდა საქართველოში.
და, ჩვენ უკვე ვემზადებით ჟენევის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხებს საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდში, რადგან, უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულება - ასეთი შოკისმომგვრელი აღსარება", - აცხადებს ბარციცი.