16 აგვისტო 2026,   13:13
ვრცლად
არც ერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია, ცოცხლად ვისაც ვიჭერდით, იმას ჩვენ ვუვლიდით, ვინახავდით, ვაჭმევდით, ვასმევდით, რომ გაგვეცვალა - ანზორ მარგიანი

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს ანტისახელმწიფოებრივი გიორგი ბარამიძის განცხადებას, ქართველი მებრძოლების მხრიდან ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით.
ვეტერანების თქმით, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად უშლის ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს.
აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ვეტერანი ანზორ მარგიანი გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება.

"ალბათ დავალება ჰქონდა ვინმესგან, თორემ კაცი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და შინაგან საქმეთა მინისტრი, 30 წლის პოლიტიკოსია, როგორ შეიძლებოდა წამოცდენოდა. ეს არის აბსურდი, ტყუილი. ჩვენ არც ერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია, ცოცხლად ვისაც ვიჭერდით, იმას ჩვენ ვუვლიდით, ვინახავდით, ვაჭმევდით, ვასმევდით, რომ გაგვეცვალა,"- აცხადებს ანზორ მარგიანი. 

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ათობით პირი უკვე გამოიკითხა. ბარამიძის განცხადებას გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბარამიძის განცხადება არის მტკიცებულება რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოიყენებენ.

დღის ამბები