16 აგვისტო 2026,   01:19
ვრცლად
ლარსის გამშვებ პუნქტთან ხდებოდა ყველა შემოსულის კონტროლი და თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათზე ხორციელდებოდა შესაბამისი სანქცია - ლაშა ფარულავა

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის მოქალაქეების საზღვარზე შემოსვლა მკაცრი კონტროლის მექანიზმით ხორციელდებოდა.
მმართველი გუნდის ბრალდებების საპასუხოდ, ფარულავა განმარტავს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ყველა პირს უმოწმდებოდა პასპორტი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებდნენ ან კანონს არღვევდნენ, მათზე შესაბამისი სანქციები ვრცელდებოდა.

"კონტროლის მექანიზმით ხდებოდა ადამიანების გადამოწმება საზღვარზე - ჰქონდათ თუ არა პასპორტში სეპარატისტული რეჟიმის ბეჭედი. ლარსის გამშვებ პუნქტთან ხდებოდა ყველა შემოსულის კონტროლი და თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ან დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მათზე ხორციელდებოდა შესაბამისი სანქცია," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ცნობისთვის: მმართველი გუნდი გარე ძალებსა და ოპოზიციას რუსოფობიის გაღვივების მცდელობასა და ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, გლობალური ძალები ცდილობენ, რომ საქართველოში ანტირუსული მუხტი არ შენელდეს, რაც მიზნად ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლასა და ქვეყნის მუდმივი საფრთხის წინაშე დაყენებას ისახავს.
მმართველი პარტია ამ კონტექსტში ხშირად იხსენებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ წინა ხელისუფლება თავად იღებდა რუს ტურისტებს.

დღის ამბები