პროდუქცია საწვავია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შევიდა. დეფიციტის ფონზე, 3 ათასი ტონა კერძო სექტორმა გაგზავნა. ბიზნესის ინიციატივას სახელმწიფო დაეთანხმა, რადგან საწვავი სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, ჰუმანიტარული მიზნით გადადგმულ ამ ნაბიჯს კი ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - ბრალდებით, თითქოს საწვავი რუსეთს, სამხედრო დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა. რატომ გამოაცხადა ოპოზიციამ საკუთარი ქვეყანა ომის თანასპონსორად? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კოორდინირებული კამპანია საქართველოს რეპუტაციასთან ერთად, შერიგების პროცესის დაზიანებას ემსახურება.. რაც თავის მხრივ, კონკრეტული ძალების ინტერესებს უკავშირდება.
თავად სჯერათ, თუ არა სხვა საკითხია, თუმცა სხვების დარწმუნებას გუშინვე ცდილობდნენ სოციალურ ქსელებში. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თუ მოქმედი წევრები, ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ საწვავი ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ომში, რუსეთის სამხედრო მიზნებს უნდა მოხმარებოდა. ამას უაპელაციოდ, ციხიდან ამტკიცებდა პატიმარი სააკაშვილიც.
"ისტერია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე" - ოპონენტების მწვავე რეაქციას სოცქსელშივე უპასუხა უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოპოზიციის დეზინფორმაციის საილუსტრაციოდ ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა. მათ შორის საწვავის რაოდენობაზე. დაწერა, რომ გარე მითითებით მოქმედი სუბიექტები ნებისმიერ საკითხზე მანიპულირებით ცდილობენ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შექმნას და პრობლემური ურთიერთობების ჩიხში შეყვანას, რადგან ვერ ეგუებიან ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.
პასუხის მიუხედავად, ოპოზიციაში დღეს ისევ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ინტერესებზე აპელირებდნენ. სააკაშვილის გუნდში თქვეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის გაგზავნა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ეს არა ჰუმანიტარული, არამედ ანტიუკრაინული აქტია.
ტვირთი რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვითაა გაგზავნილი, გუშინვე განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უსუსურად გამოიყურება ოპონენტებისგან თავის მართლება იმ განცხადებების გამო, რომელიც ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას. მათივე თქმით, საწვავი, რაზეც ოპოზიცია აბსურდულ ნარატივს აგებს, რუსეთის სამხედრო ინტერესებს ლოგიკურადაც ვერ მოემსახურება.
ხელისუფლება მომავალშიც ხელს შეუწყობს ნაბიჯებს, რაც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება - ასეთია მთავრობის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო მიზნად გაცხადებული აქვს ნდობის აღდგენის, შერიგების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკა.