13 ივნისი 2026,   14:55
ვრცლად
როგორ თანამშრომლობდა ელენე ხოშტარია სხვა ქვეყნებთან "ქართული ოცნების" დასანქცირებაზე - სატელეფონო საუბარი, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზეა ჩაწერილი და საქმის მასალებში დევს, "კურიერმა" მოიპოვა

როგორ თანამშრომლობდა ელენე ხოშტარია სხვა ქვეყნებთან "ქართული ოცნების" დასანქცირებაზე - სატელეფონო საუბარი, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზეა ჩაწერილი და საქმის მასალებში დევს, "კურიერმა" მოიპოვა. მტკიცებულებებს შორის არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სატელეფონო საუბარიც.

ბრალდებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა დღეს უკვე გაიმართა.

სახელმწიფო ბრალდება 8 ოპოზიციონერს საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.

36 ტომიან საქმის მასალებში დევს არაერთი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, ბრალდებული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები. "კურიერის" მიერ მოპოვებულ მასალებში დევს საუბრები რაციებში. საპროტესტო აქციების დროს გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან ინფორმაციას ამ მეთოდით ცვლიდნენ

საქმის მასალები და არსებული მტკიცებულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებს უკვე გადაეცათ. თავად ოპოზიციონერები ბრალს არ აღიარებენ. ელენე ხოშტარია სასამართლოსთან თანამშრომლობასაც არ აპირებს, სხვების სტრატეგია ჯერ უცნობია. ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაგუნდელები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ "ქართული ოცნების" დასანქცირებაზე უცხო ქვეყნებთან მუშაობენ.

ოპოზიციის მიერ აბსურდულად შეფასებული ბრალი მმართველი გუნდისთვის მტკიცებულებებით გამყარებულია. დეპუტატებმა, მთავრობის ოპონენტებს, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მოწოდებები დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს.

არქივი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე ოპოზიციის მუშაობის დამადასტურებელ არაერთ განცხადებას ინახავს. მათ შორის, " შევაგროვებთ ფაილებს" - სპეცსამსახურების სპეციფიკური ტერმინოლოგიით გაკეთებულ ელენე ხოშტარიას განცხადებებსაც.

ოპონენტების განცხადებებიც ახსოვთ და ქმედებებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურას არაერთი მტკიცებულება ექნება. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ პოლიტიკოსებს კი ურჩევენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

8 ოპოზიციონერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ პროკურატურამ გუშინ განაცხადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე, გვარამიას, მელიას ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2-დან 4 წლამდე, ვაშაძეს, ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები