19 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
"მე მომავალში" - ხვალიდან ანტინარკოტიკული კამპანია 60 სკოლაში დაიწყება

ანტინარკოტიკული კამპანია მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის 60 სკოლაში ხვალიდან დაიწყება. რატომ უნდა აირჩიოს მოზარდმა ჯანსაღი ცხოვრების გზა და რატომ უნდა თქვას უარი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე? ამ კითხვებზე ბავშვებს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურები უპასუხებენ.

"მე მომავალში" - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

პირველ ეტაპზე, ანტინარკოტიკული კამპანია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის სკოლებში დაიწყება. საინფორმაციო შეხვედრების გარდა, მოსწავლეები სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან, ჩატარდება თემატური კონკურსები.

საჭირო და დროული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სკოლის ფარგლებში განხორციელება - ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ისაუბრა.

ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაციას დღეს მოსწავლეები და სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ. პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარადგინა. გეკა გელაძის თქმით, ნარკოდამოკიდებულების პრევენცია მომავალი თაობის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ნარკოდანაშაულის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. ბოლო პერიოდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული რეალიზატორების რიცხვი - გეკა გელაძის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ უწყებისთვის ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია.

ახალი ანტინარკოტიკული კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

დღის ამბები