ირაკლი ღარიბაშვილის ორი ბუნდოვანი და ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი წერილი - პატიმარი ღარიბაშვილი ჯერ ამბობს, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, შემდეგ კი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მილიონებისა და ძვირფასი ნივთების მიუხედავად ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
მაშინ, როდესაც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრები სასჯელს კორუფციისთვის იხდიან, წერილის შინაარსის მიხედვით, მისთვის მიუღებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა. მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საგამოძიებო უწყებამ მას ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით წარუდგინა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დამატებითი სასჯელის სახით, მას ერთი მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
"რა თქმა უნდა, რთულია საუბარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ წევრზე, ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი, ეს მას უნდა დავუსვათ კითხვა. საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომლისგან გამომდინარეც მან მიიღო პირადი სარგებელი. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, იგი შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის.
ამიტომაც, რთულია საზოგადოებას ვისაუბროთ, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება. არ ვიცი, რა პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს თვითონვე აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული. არანაირი ლოგიკა ამაში არ არსებობს ელემენტარულიც. ადამიანი თავისი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტ დაზიანებაშია გადასული. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. შესაბამისად, მისი განცხადება შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მეტი არაფერი. "ქართული ოცნების" გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრძოლა ნებისმიერი კორუფციის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ უმაღლეს დონეზე ყველანაირი კორუფცია აღმოფხვრილია," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.