პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება, ბრძოლა სამართლიანობისთვის და მთავარი გმირის სულიერი მეტამორფოზა - ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაური" სცენაზე დაბრუნდა.
თელავის თეატრმა 131-ე სეზონი ცნობილი პოემის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით გახსნა. "ალუდას" პრემიერა დიდ სცენაზე გაიმართა.
საპრემიერო წარმოდგენისთვის თელავის თეატრალური დასი და მოწვეული მსახიობები ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ერთ მოქმედებიანი დადგმის რეჟისორი, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძეა, რომელმაც სცენაზე თანამედროვე და ტრადიციულ ხედვა გააერთიანა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა დასს დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი