14 აგვისტო 2026,   13:24
ვრცლად
ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით, მოთხოვნილია "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ლელოს"არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა ფრაქცია "ქართული ოცნების", პოლიტიკური ჯგუფების, "ხალხის ძალის" და "ევროპელი სოციალისტების" წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

პაპუაშვილის განცხადებით, სარჩელით, მოთხოვნილია 3 პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

"ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით, მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

• მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
• მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
• მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

• აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

• აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.

ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულეობში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.

ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დოკუმენტი სრულად

დღის ამბები