19 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
"ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, ასევე, გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში" - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტი თბილისში დასრულდა.

საქართველოში ყოფნის რამდენიმე საათის განმავლობაში, ის შეხვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე საგარეო და ეკონომიკის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანია "Eagle Hills Group"-ს შორის.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ არაერთი მსგავსი შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეიხმა განაცხადა, რომ საამიროები მზად არიან, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში.

"მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი თქვენთან პირადად შეხვედრის. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისთვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის," - განაცხადა შეიხმა.

დღის ამბები