08 აგვისტო 2026,   16:09
ვრცლად
პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღა - რას აცხადებენ NGO-ები

აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები და წიწაკის სპრეი - ამ საპროტესტო ინვენტარის შეძენისა და მასობრივ დაუმორჩილებლობაზე მოწოდებების გამო, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, საბანკო ანგარიშები დღეს სასამართლო განჩინების საფუძველზე დაუყადაღა. საუბარია გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე, რომელმაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მოკლე პერიოდში ძალადობრივი ხასიათი მიიღო და კანონით დადგენილ ფარგლებს გაცდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი," "სამართლიანი არჩევნები," "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი," "დემოკრატიის მცველები," "დემოკრატიული ინიციატივა," "საფარი" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი," საპროტესტო ინვენტარის შეძენის გარდა, აქციის მონაწილეებს ჯარიმებსაც უხდიდნენ, მათ ოჯახის წევრებს კი ფინანსურად ეხმარებოდნენ.

ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, საგამოძიებო უწყება მიიჩნევს, რომ 7-მა ორგანიზაციამ წესდება დაარღვია. დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგი გამართეს თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ანგარიშების დაყადაღება, მათ დევნად შეაფასეს.

აქციის მონაწილეების ფინანსური და სამართლებრივი დახმარების შესახებ, კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ სხვადასხვა მედიაში. არქივი ინახავს მათ მოწოდებებს, წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებითაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ტრანზაქციების შესწავლა საგამოძიებო უწყებამ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა პროკურატურაში შეტანილი განცხადებით, ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ითხოვს, ვინც, მათი თქმით, უცხოური დაკვეთით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდა.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ, მათი ანგარიშების დაყადაღება კი "ენჯეო" სექტორზე ზეწოლად შეაფასეს.

ნოემბრის აქციები და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები შეახსენეს დღეს ოპონენტებს მმართველი გუნდიდან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ენჯეო სექტორის ცალკეული წარმომადგენლების მიზანი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო.

გენერალურმა პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა. დღეიდან ეს ორგანიზაციები ტრანზაქციებს ვეღარ ასრულებენ.

დღის ამბები