ფონიჭალის დასახლება დილიდან სპეცოპერაციის ეპიცენტრი იყო. გურამიშვილის 2 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ამ მისამართზე პოლიციამ 55 წლის მამაკაცი დააკავა. ის სახლში დაფასოებულ და უკვე გასაყიდად გამზადებულ ნარკოტიკს ინახავდა.
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკია ამოღებული სხვა მისამართებზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი - "ჰეროინი", "კოკაინი", "მეთადონი", "სუბოქსინი", "მეფედრონი", "ალფა პვპ" და მარიხუანა.
დაკავებულების უმეტესობა, გამოძიების ინფორმაციით, რეალიზატორია.
საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ნარკოტიკის რეალიზაციის რამდენიმე ათეული ფაქტიც აღიკვეთა. სამართალდამცველებმა კონკრეტულ პირებს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ისინი ე.წ. ფაქტის კლიენტისთვის გადაცემას აპირებდნენ. გაყიდვის მეთოდი უცვლელი იყო - ხელიდან ხელში ან დადებით. პოლიციამ გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი სამალავებიდანაც ამოიღო.
ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. მინისტრის მოადგილემ საპოლიციო ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
უწყებამ დღეს ფარული მასალაც გაასაჯაროვა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ჩანან. საკონტროლო შესყიდვის კადრებით ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის საქმეში ახალგაზრდა ქალებიც იყვნენ ჩართულები.
დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. 44 პირის მიმართ გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის და ასევე, ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
დაკავებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. სასჯელი განსაკუთრებით მკაცრი იქნება რეალიზატორების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების რიცხვიც დაასახელა. ირკვევა რომ 1417 ბრალდებულიდან, უმეტესობას ნარკოტიკის გასაღება ედება ბრალად.
ნარკოდანაშაულის საქმეში ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დევს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდეს. ნივთმტკიცებებს შორისაა ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ნარკოტიკის რეალიზაციისთვის არის საჭირო.