დავით ერემეიშვილი ქუთაისელების პრობლემებს კარგად იცნობს. ამის თქმის საფუძველს მუნიციპალურ ორგანოში მუშაობის 6-წლიანი სტაჟი აძლევს. იყო როგორც მერის პირველი მოადგილე, ასევე მერის მოვალეობის შემსრულებელი. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება კი მატებს თავდაჯერებას, რომ არჩევის შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს.
ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოწესრიგდა მდინარე ოღასკურას კალაპოტი, გამაგრდა გაფრინდაშვილის, წერეთლისა და მწვანეყვავილას ქუჩების საყრდენი კედლები. ქალაქის თითქმის ყველა უბანში მოეწყო სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები. განახლდა შენობების ფასადები, ქუჩები სადაც კაპიტალური გზა არ იყო, სრულად რეაბილიტირდა. ბევრი პროექტი უკავშირდება მის საქმიანობას, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის განვითარებას მიიჩნევს მის ყველაზე მნიშვნელოვან მისიად.
ახალგაზრდებისა და სპორტის განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც აპირებს. ბევრი პროექტი განახორციელა, თუმცა კიდევ ბევრი აქვს გეგმაში. მის სახელს უკავშირდება მეთერთმეტე სპორტული სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 50 წელზე მეტია არსებობს და არ განახლებულა. მის სამუშაო პროცესს კი აქტიურად ადევნებს თვალს.
დავით ერემეიშვილი მოქალაქეებს მისივე ხელმძღვანელობით რეაბილიტირებულ სკვერში შეხვდა. ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის მშენებლობაზე დაიხარჯა 3 მილიონამდე ლარი, მოეწყო საბავშვო ზონები, რეკრეაციული სივრცეები და მცირე სპორტული მოედნები.
იმერეთის კიდევ ერთ რაიონში, ხარაგაულში "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი მესამედ დაასახელა.
ამაყობს, რომ ყველა დაპირება შეასრულა. 2013 წლიდან ხარაგაულისთვის მუშაობდა როგორც მაჟორიტარის, ისე გამგებლისა და მერის რანგში. 13 წლის განმავლობაში, ხარაგაულისთვის, ჯამში, 450 მილიონი ლარის პროექტი განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 146 მილიონი ლარია.
მისი ძალისხმევით დაბის ტერიტორიას 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით წელიწადში 4 მილიონი ლარი იხარჯება. კულტურული საგანმანათლებლო და სპორტული მიმართულებით კობა ლურსმანაშვილის სახელს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი უკავშირდება.
კობა ლურსმანაშვილის მერობის პერიოდში ხარაგაული საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად 2-ჯერ დასახელდა. მოქალაქეების ჩართულობით წელიწადში საშუალოდ 10 პროექტს ახორციელებს. ამბიცია აქვს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა სახლამდე მიიყვანოს გზა. აპირებს, შექმნას წყლის ცენტრალიზებული სისტემა და დაბა სრულად მოეწყოს წყალარინებით.
ხარაგაულის მაცხოვრებლებმა მათთვის კარგად ნაცნობი მერობის კანდიდატის და ამავდროულად მოქმედი მერის საქმიანობა "კურიერთან" შეაფასა.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ქუთაისსა და ხარაგაულში გამოცდილი მუნიციპალური კადრები არიან, რომელთაც ხალხმა მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე