როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება ამაზე უარესიც იყო, არის და იქნება, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მედიას.
მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის ირაკლი ღარიბაშვილის მიზანი.
"მოდი, მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია.
ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით - როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება ამაზე უარესიც იყო, არის და იქნება - თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი – ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდაა გაკეთებული.
მინდა, გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილმა 17 და 18 აგვისტოს ორი ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი წერილი გაავრცელა. 17 აგვისტოს ის ამბობს, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, მომდევნო დღეს კი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მილიონები და ძვირფასი ნივთები, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის. საგამოძიებო უწყებამ მას ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით წარუდგინა. ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის არაერთი წევრიც, მათ შორის - სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.