პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. მმართველი გუნდის წევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ წერილებს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი დანაშაულს უარყოფს და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს.
"ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან რეალობის შეგრძნება აბსოლუტურად დაკარგა. მაინც იმედი მაქვს, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, რადგან ასეთი რეალობა, რომ თითქოს ირმა ინაშვილი და ვინმე დიტო ჩუბინიძე არიან ადამიანები, ვინც ეწევიან რაღაც ისეთ საქმიანობას მის სახელთან დაკავშირებით, რომ ხუთ წელიწადში მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქმნის რაღაც საფრთხეს და ამ საფრთხემ განაპირობა მის მიმართ მუქარა, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს თავის თავზე რაღაც არჩადენილი დანაშაული... განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ის არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ცოლ-შვილს, მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ დისკრედიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილმა 17 და 18 აგვისტოს ორი ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი წერილი გაავრცელა. 17 აგვისტოს ის ამბობს, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, მომდევნო დღეს კი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მილიონები და ძვირფასი ნივთები, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის. საგამოძიებო უწყებამ მას ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით წარუდგინა. ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის არაერთი წევრიც, მათ შორის - სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.