20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე გრძელდება - ექსპერიმენტში დღეს კიდევ სამი დაზარალებული მონაწილეობს, მათ შორის ერთი ჟურნალისტია.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების მიზანი სტრასბურგის სასამართლოს მითითების შესრულებაა, უფრო კონკრეტულად კი, უნდა დაადგინონ, რამდენად სწორად დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საპოლიციო ღონისძიებები.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, პაპუნა კერესელიძის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა სულ 33 დაზარალებულმა მიიღო.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, იმავდროულად, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო ექსპერიმენტში, დღეის მონაცემებით, მონაწილეობა მიღებული აქვს 33 დაზარალებულს.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს დაზარალებულებმა, თბილისის პროკურატურის გამომძიებლებთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მიზნად ისახავს, როგორც ინდივიდუალურად, დაზარალებულთან მიმართებაში სურათის აღდგენას, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება, აგრეთვე მიზნად ისახავს აქციის მიმდინარეობის სრული სურათის აღდგენას. თავის მხრივ, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას", - განაცხადა პაპუნა კერესელიძემ.