"კარგია, რომ გამოძიება ჩატარდება, საზოგადოება ნახავს, რა როლი ჰქონდა გახარიას ამასთან დაკავშირებით," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა.
მისი შეფასებით, საინტერესოა, რომ ოპოზიცია 20 ივნისის გამოძიებას ახლა არ ითხოვს.
"კარგია, რომ გამოძიება ჩატარდება, იმიტომ, რომ გახარიამ კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა, ვიდრე იყო. ამბობდა, რომ ის იყო პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე და ახლა ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი იმ ბრძანებებზე, რომელიც გაიცა გასროლასთან დაკავშირებით. საზოგადოება ნახავს, რა როლი ჰქონდა გახარიას ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, "საინტერესო" ისიც არის, რომ ოპოზიცია დღეს აღარ ამბობს იმას, რომ 20 ივნისი გამოსაძიებელია და გახარიას მიმართ კითხვები არსებობს. არ ამბობს, იმიტომ, რომ ახლა ერთ Deep state-ში არიან მოქცეულები ყველა, მათ შორის, გახარია," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ ტარდება, რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით ისევ გადაკეტილი იყო. დღეს კითხვებს უპასუხა სულ სამმა თვითმხილველმა, მათ შორის, ორი მედიის წარმომადგენელია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო "კურიერის" ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც - მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.