19 აგვისტო 2026,   12:31
ვრცლად
"შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, მაგრამ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, დღესაც არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის" - ირაკლი ჭეიშვილი

"ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა" - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. პრემიერი აცხადებს, რომ ევრო-ბიუროკრატების ხელში, სავიზო რეჟიმის დაწესება ბოლო კოზირია და ბრიუსელს საქართველოში ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის მიზნებს მოემსახურება.

აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნება" შანტაჟს არ ექვემდებარება და ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.

"ხელისუფლების ცვლილება უნდათ, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში. არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს და, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ყოვლად მიუღებელი ამ წრეებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომ ცალფეხზე იდგეს.

ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის დაწყება არ არის დაკავშირებული კონკრეტულად ამ ფაქტთან. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის იარაღი Deep state-ის ხელში შეიძლება ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანონ საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრება, ქართველი ხალხი რევოლუციას მხარს დაუჭერს," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, "დღესაც არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის".

"მანიპულირებას ახდენენ და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, მაგრამ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებ. ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა. დღესაც არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის. ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ ომი აერიდებინა ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლიდან განსაკუთრებული ზეწოლა დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაზე. მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნებისგან, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთულიყავით ომში და გაგეხსნა მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ აარიდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წინასაარჩევნოდ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას შეუწყვეტენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

დღის ამბები