NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ბრიფინგი უკრაინაზე საუბრით დაიწყო. გაიმეორა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია, რუსეთისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს, უკრაინას კი შეიარაღებას გადასცემს, რომლის საფასურსაც ევროკავშირი აანაზღაურებს.
ტრამპის მიდგომას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატიც. საკანონმდებლო ორგანოში ახლა ორპარტიულ პაკეტს ამზადებენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ვაშინგტონის გადაწყვეტილება ზელენსკის კელოგმა გააცნო. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დღეს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ვაშინგტონი კიევს საჰაერო სივრცის დაცვისთვის "პეტრიოტის" ტიპის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს.
ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოფიციალური ბერლინი. შეერთებული შტატებისგან გერმანიის მთავრობა "პეტრიოტის" სამ კომპლექსს შეიძენს და უკრაინას გადასცემს. ბუნდესვერში გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე ვითარების გაუარესება დაასახელეს.
კიევში გენერალი კელოგის ვიზიტს და უკრაინისთვის "პეტრიოტის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემის შესახებ საუბრობს ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პოზიცია დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა.
რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინა დღესაც გახდა. აფეთქებების ხმა ისმის, სუმის, დონეცკის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებში. დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 30-ზე მეტი.