"ეს სწორედ ის ხალხია, ვინც არათუ 7 თვით ჩასვა ადამიანები ციხეში, არამედ საერთოდ ცხოვრება დაუნგრია ხალხს. ბევრი მათგანი არის შემოქმედი იმ დანაშაულებრივი რეჟიმისა, რომელიც საქართველოში იყო," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მსგავს დანაშაულზე საკმაოდ მძიმეა პასუხისმგებლობა.
"უცნაურია, პოლიტიკური დევნა დაარქვა კანონის მოთხოვნების შესრულებას. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც არათუ 7 თვით ჩასვა ადამიანები ციხეში, არამედ საერთოდ ცხოვრება დაუნგრია ხალხს. ბევრი მათგანი არის შემოქმედი იმ დანაშაულებრივი რეჟიმისა, რომელიც საქართველოში იყო.
არსებობს კანონი, კანონს არ უნდა დაუპირისპირდე - ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, საკმაოდ მძიმეა პასუხისმგებლობა იმისათვის, თუკი არ ცხადდები კომისიაზე," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.