14 ივლისი 2025,   15:28
ვრცლად
ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

ვენის მოცარტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, კაიზერი და ნანჯინგი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკონცერტო დარბაზებისა, სადაც ქართველმა პიანისტმა აღიარება მოიპოვა.

სანდრო გეგეჭკორმა საკუთარი ქვეყანა ბევრჯერ გაახარა, მაშინაც როცა "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში" გრანპრის მფლობელი გახდა, და მაშინაც, როცა რომის სამეფო აკადემიის დარბაზში ბისზე ორჯერ გამოიყვანეს. კონცერტზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ დარბაზში სკამების დამატებაც კი გახდა საჭირო.

24 წლის პიანისტი ცოტა ხნის წინ, ჯულიარდის სკოლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

სიმფონიური მუსიკის კონცერტი 14 ივნისსაა ჩანიშნული. საღამოს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ - კულტურული ცენტრი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს.

ეს პიანისტისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის რიგით მეორე კონცერტია. წლების წინ, ჯანსუღ კახიძის ცენტრში ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია შეასრულეს.

სანდრო სამშობლოში დაბრუნებას მეორე კონცერტითაც აღნიშნავს. 20 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლების წინაშე შუბერტის, დე ფაიას, პროკოფიევისა და მონსალვაჩეს ნაწარმოებებით წარდგება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

 

დღის ამბები