ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ 2022–2024 წლებში ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.
მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით ექვსი პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით.
"პირველი ორი თვე იყო დამაიმედებელი, იმისთვის, რომ წლის განმავლობაში ჩვენ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. 8% ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საკმაოდ გაურკვეველია. ეკონომიკური პოლიტიკა, ფაქტობრივად, გადახედვის რეჟიმშია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრული, სტაბილური პოლიტიკის შედეგად, რაც გულისხმობს მაკრო პარამეტრების სიჯანსაღეს, ასევე კერძო ინიციატივების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან, ვფიქრობ, რომ მივაღწევთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელსაც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.