27 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ანტირუსული კამპანია და ორმაგი სტანდარტები - პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარმოებულ ანტირუსულ კამპანიაზე საუბრობს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" რუსოფობიური კამპანია აქტუალური ახლა გახდა და არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ქმედებები, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორმაგი სტანდარტის მორიგი დადასტურებაა.

პოლიტიკური ამნეზია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მმართველ გუნდს აღარ უკვირს. "ქართული ოცნება" ოპოზიციის განცხადებებს ე.წ. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს, ანტირუსული კამპანიის უკან კი გარე დაკვეთას ხედავს. სახელისუფლებო პარტია 2008 წელს, აგვისტოს ომსა და ომიდან სამ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებებს იხსენებს: "ნაცმოძრაობის" მიერ რუსულ კომპანიებზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს, რუსებისთვის ცალმხრივად გახსნილ სავიზო რეჟიმსა და საზღვარზე მათ დასახვედრად მისულ მიხეილ სააკაშვილს.

მანიპულაციურ განცხადებებს რეალური სტატისტიკით პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელებს გამსვლელთა რაოდენობამ გადააჭარბა. თუმცა მაინც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები წლების შემდეგ იმ ადგილზე ჩავიდნენ, სადაც წლების წინ მათი ლიდერი რუს ტურისტებს ხვდებოდა და საქართველოში ეპატიჟებოდა. რიტორიკა შეცვლილ პარტიაში დღეს რუს ტურისტებს ქვეყნის საფრთხედ აფასებენ. არ ენდობიან არც ოფიციალურ სტატისტიკას, თუმცა თავად რა მეთოდითა და არითმეტიკით ითვლიან მონაცემებს – ამას ვერ ამბობენ.

"საზოგადოება რეალობას ხედავს, რასაც არჩევნების შედეგებიც მოწმობს" – მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" ცრუ კამპანიაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ოპოზიციის რუსოფობიური განცხადებები ადასტურებს, რომ მათი ოპონენტები გარე დავალებას ასრულებენ.

17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტ "ლარსის" გავლით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი უფრო მეტი – 61 691 პირი გავიდა. ოპოზიციის მონაცემები რეალურ მაჩვენებელს ვერც მოქალაქეობის მიღების საკითხზე ემთხვევა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საგამონაკლისო წესით მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არათუ გაიზარდა, არამედ შემცირებულია. თუმცა, წლიდან წლამდე ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ნამდვილად იზრდება. საქართველო კი ისეთი სუბიექტების ინტერესის ობიექტია, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია.

 

დღის ამბები