28 აგვისტო 2026,   03:00
ვრცლად
3 000-მდე ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის - საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს

ადგილების რაოდენობისა გარდა, უკვე ცნობილია იმ სპეციალობების ჩამონათვალიც, რომლებზეც ქვემო ქართლში ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველებს მიიღებენ. შიდა აუდიტის სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3 თვიანი სტაჟირება რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში გამოცხადდება.

მუნიციპალიტეტების მერიები, საკრებულოები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული 3 000-მდე ვაკანსია მსურველებს პროფესიული უნარების განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. ასევე იმ კურსდამთავრებულებს რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს. პრიორიტეტი უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გადაირჩევა განაცხადები, შემდეგ კი კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ცხადდება. პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილების, სამუშაო სტაჟის დაგროვებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობებს უხსნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გამოცდილება სტუდენტებისთვის შესაძლოა საჯარო სექტორში დასაქმების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდეს.

სტაჟირების მსურველ პირებს სპეციალური კომისია შეაფასებს. პროგრამას წელსაც შეუერთდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება - მათ შორის კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებიც.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები