28 აგვისტო 2026,   14:24
ვრცლად
დამანგრეველი სტიქია ჰიმალაის რეგიონში და 360-ზე მეტი დაღუპული - სრულად განადგურებული დასახლებები, ინფრასტრუქტურა და ასობით დაკარგული

40 საათზე მეტია, რაც ლანგტანგ ლირუნგის მწვერვალს ყინულის მასა მოწყდა. ოთხი მდინარის კალაპოტში ჩასულმა ღვარცოფულმა ნაკადმა ცუნამის ეფექტი წარმოქმნა. სეისმოლოგიურმა სადგურებმა 4.4 მაგნიტუდის ბიძგებიც დააფიქსირეს. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კი დაასკვნა, რომ მიწისძვრა სწორედ მყინვარის გახლეჩამ წარმოქმნა.

ცხედრებს ახლა სტიქიის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრის მოშორებით პოულობენ. უკვე ნაპოვნია 362 დაღუპული. 1 300-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ - 900-მდე პირს ნეპალში, ჩინეთში, ტიბეტის მხარეს კი - 558-ს. დაშავებულები საავადმყოფოებში სამხედრო ვერტმფრენებით გადაჰყავთ.

ჰიმალაის ამ მონაკვეთზე სტიქიამ სრულად გაანადგურა დასახლებები, 13 ჰიდროელექტროსადგური, 40 კილომეტრი საავტომობილო გზა და 19 ხიდი - მათ შორის, ნეპალ-ჩინეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი. დაანგრია გირონგის პორტი, წყალმა წაიღო 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია 5 000-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი. სტიქიის ზონაში უკვე ჩავიდა ჩინეთის საგანგებო სამსახურის 141-კაციანი ჯგუფი. პროცესში ჩაერთო გაერო, "წითელი ჯვარი" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ფინანსური დახმარება გამოყვეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.

დაკარგულთა დიდი ნაწილი ტურისტი და პილიგრიმია. ნეპალში 517 უცხოელს ეძებენ - მათ შორის ინდოეთის, აშშ-ის, უკრაინის, მალაიზიის, ავსტრალიის, ბრიტანეთისა და კანადის მოქალაქეებს. ტრაგედია სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ბუდისტები და ინდუისტები საკულტო ადგილებს სტუმრობენ.

ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან კავშირზეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისინი უსაფრთხოდ არიან. სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შესულა. საგარეო უწყება ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები