29 აგვისტო 2026,   12:31
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაციები გურჯაანსა და თბილისში - დაკავებული ორი პირი ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

51 წლის მამაკაცი, რომლის ეზოშიც 37 ძირი კანაფი იზრდებოდა, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, სახლის კარი ახლა დაკეტილია​.

37 ძირი ნარკოტიკული მცენარე 50 კილოგრამამდე იწონიდა. ნარკოდანაშაულის ადგილი სოფელი გურჯაანია. პოლიციის მობილიზება ადგილობრივებმა შეამჩნიეს, თუმცა მიზეზი გვიან გაიგეს. 51 წლის მამაკაცის მეზობლები კამერებთან საუბარს ერიდებიან.

ირკვევა, რომ 50 კილოგრამამდე კანაფის გარდა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა ნივთმტკიცებებიც ამოიღეს, მათ შორის , ქიმიური ხსნარები და ის მოწყობილობები, რომლებითაც ნარკოტიკული საშუალებები მზადდება.

ნარკოტიკების გავრცელების ფაქტი აღკვეთეს სამართალდამცველებმა თბილისშიც. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 20 წლის მამაკაცი გადაამოწმა. მალევე გაირკვა, რომ ის ე.წ. დამდები იყო და 5 შეკვრა მეთადონი სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დატოვებული ჰქონდა. გასაყიდად გამზადებულ 29 შეკვრას კი პირად ხელჩანთაში მალავდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კლიენტებისთვის დატოვებული მეთადონი სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთეს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

დღის ამბები