საქართველოს ომში ჩართვის მუდმივი მცდელობა და არასწორი გეოპოლიტიკური გათვლებით საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მორიგი ღია წერილის მთავარი გზავნილები, რომელიც კვლავ ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მოქმედებების ანალიზს ეთმობა. ლევან მაჭავარიანმა ვრცელ პოსტში ოპონენტებისა და არასამთავრობოების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები შეახსენა. საქართველოდან ელჩის უმიზეზო გაწვევა, ღია საუბრები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გასეირნებაზე, რომელიც მისი თქმით, ადგილობრივი ფსევდოლიბერალური ძალებისგან იყო მოწონებული, ადასტურებს რომ ომის მესვეურებსა და ქართულ ოპოზიციურ ელიტას საერთო ლობისტები ჰყავდათ და ჰყავთ.
ლევან მაჭავარიანის ვრცელი პოსტის შინაარსს იზიარებენ მისი კოლეგებიც, საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამბობენ რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში პოლიტიკური სივრცის მკაფიო ლუსტრაცია მოახდინა. ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა იდეურმა მოკავშირეებმა კი ქართული საზოგადოება რეალური საფრთხის წინაშე არაერთხელ დააყენეს. გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მშვიდობის ერთადერთი გარანტი კანონმდებლების თქმით, მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღმოჩნდა, რომელმაც ურთულესი გამოწვევების გადალახვა მოახერხა.
ასიათასობით გარდაცვლილი, დანგრეული და განადგურებული ქალაქები, ეკონომიკური კრიზისი - რუსეთ-უკრაინის 5 წლიანი ომის შედეგების მიუხედავად, ქართული ოპოზიცია წარსულის განცხადებებს არც დღეს ემიჯნება და მიიჩნევს, რომ მიუხედავად დამანგრეველი შედეგებისა უკრაინაში პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ოპოზიციისა და ენჯეოების პოლიტიკური ნაბიჯები, პრემიერ-მინისტრის აზრით, მუდმივად დესტაბილიზაციისაკენ იყო მიმართული. იმ ფონზე, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომმა არაერთი უსაფრთხოების გამოწვევა რეალური გახადა, ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა ქვეყანა ღია კონფრონტაციაში ჩაეთრია, რაც მათ ლობისტების მიმართ არსებულ ვალდებულებებს ღიად ადასტურებს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შეჯამების სახით, სწორედ ენჯეოებისა და ოპონენტების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. ლევან მაჭავარიანის თქმით, აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ მათი ბოდიში ღიად მოისმინოს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომმა ასიათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.