28 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
სკოლები, ხიდები და სპორტული კომპლექსები - რაჭაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

მხარე, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და გამორჩეული ლანდშაფტით წლებია მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კუთხეა, განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებს. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ახალ იერსახეს იძენს როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ისე საზოგადოებრივი სივრცეები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქ ამბროლაურში აქტიურ ფაზაშია. სოფელ ბუგეულში მცხოვრებ მოზარდებს მალე ახალი, თანამედროვე სკოლა ექნებათ. სასწავლო დაწესებულება 200 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაცია შენობის გამაგრებასა და თანამედროვე სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებს. 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი ექნებათ სოფელ ჭრებალოს მცხოვრებლებსაც.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზაზე, ახალი ხიდი შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 98 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის ხიდი და მისასვლელი გზები.

მასშტაბურ პროექტებს რაჭაში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამბროლაურს ახალი რაგბის სტადიონი ექნება. 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები თანამედროვე განათების სისტემებით აღიჭურვება. ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება ქალაქ ონშიც.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭაში მიმდინარე პროექტებს დღეს ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძე შოვშიც იმყოფებოდა. ადგილზე, სადაც სამი წლის წინ სტიქიური უბედურება დატრიალდა, დღეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას სრულად მოაწესრიგებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაჭაში გრძელდება. განხორციელებული პროექტები რეგიონს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

დღის ამბები