27 აგვისტო 2026,   23:43
ვრცლად
ოთხდღიანი ვიზიტი და ორი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან - რაზე შეთანხმდნენ და რა შედეგებით ტოვებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს

4 დღიანი ვიზიტი საქართველოში, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, თითქმის ერთ საათიანი პრესკონფერენციით შეაჯამა. მანამდე კი დილით, უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობის კანცელარიაში შეხვდა. საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ალენ ბერსემ საქართველოში პრობლემები რამდენიმე მიმართულებით დაინახა - ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონმდებლობა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა წასვლამდე რამდენიმე მთავარი გზავნილიც დატოვა, მათ შორის, მკვეთრად თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. თქვა ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაციაა, რისი მოგვარებაც მისი აზრით, მხოლოდ დიალოგს შეუძლია, რომელშიც ყველა მხარე უნდა ჩაერთოს - როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სტრასბურგში ხელისუფლებისგან გაცემული პირობებით ბრუნდება

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა პრემიერ-მინისტრისთვის ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერაა. ირაკლი კობახიძის თქმით, მან ალენ ბერსეს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მაღალი რანგის სტუმარს აინტერესებდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრემიერისგან კიდევ ერთი პირობა მიიღო - უახლოეს მომავალში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონში ცვლილებების განსახორციელებლად დისკუსია დაიწყება. სპეციალური სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ 1 თვის ვადაში ჩამოყალიბდება. წინასწარ ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ვენეციის კომისიის ექსპერტებიც.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დატვირთული იყო. ის სამი დღის განმავლობაში ხვდებოდა ყველას, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, შეხვედრები გაიმართა ”ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და აქციებზე დაშავებულ მოქალაქეებთანაც.

ალენ ბერსე საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვიდა, ის ქვეყანას ხვალ დატოვებს.

დღის ამბები