დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტერიტორია უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისა და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება.
პროცესში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები არიან ჩართული.
„ლეღვთახევში მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ორი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. ლეღვთახევი ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია იყო. მდინარე ადიდდა, რომელმაც დააზიანა არსებული ინფრასტრუქტურა, ახლა კი მისი აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. დაზიანებულია მოაჯირებიც. რამდენიმე დღე დაგვჭირდება ყველაფრის აღსადგენად. ყველა მისამართზე, სადაც პრობლემა დაფიქსირდა და საიდანაც ზარი შემოგვივიდა, ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებული იყო. არ დაგვიტოვებია არცერთი ადგილი, სადაც არ მივედით. ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.
„სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა სახის ნარჩენით ამოივსო, ხოლო გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან გათავისუფლდა. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში რჩებიან, რათა ნებისმიერ გამოწვევასა თუ შესაძლო სიტუაციას ოპერატიულად შეხვდნენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.