13 აგვისტო 2026,   01:57
ვრცლად
არ მიუღია არცერთ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა, სადაც ხდება ტყვედ აყვანა, ამიტომ ვერც დაინახავდა ასეთ ფაქტს, ვერავინ ვერ მოუყვებოდა იმიტომ, რომ ასეთი ფაქტი არ ხდებოდა - ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე გია ბარამიძის განცხადებაზე

გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვეტერანების გამოკითხვა გრძელდება.

აფხაზეთის ომის ვეტერანის, გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს ტყვეების აყვანის მკაცრი ბრძანება ჰქონდა და მათ მიმართ ძალადობა არ ხდებოდა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ტყვეებთან შეხება არ ჰქონია, არ მონაწილეობდა შეტევით ბრძოლებში და, შესაბამისად, მისი ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

"თითქმის ყველა ტყვემ, რომელიც იქნა აყვანილი, ჩემს ხელში გაიარა. როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ დაიკავა გაგრა, ძალიან ბევრი სამხედრო ტყვე ჰყავდათ და ამიტომ, პირიქით, ჩვენ ბრძანებაც კი გვქონდა გაცემული, რომ ტყვე აუცილებლად უნდა აეყვანათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გადამეტებული ქმედება ტყვეს მიმართ. ამიტომ, ძალიან ცუდი რაღაც თქვა, არასწორი რაღაც თქვა.

კი, ბარამიძე ჩამოდიოდა - ხშირად-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ აფხაზეთში ჩამოდიოდა. მას არავითარი შეხება არ ჰქონია ტყვეებთან. მას არ მიუღია არცერთ საბრძოლო მოქმედებაში, ვგულისხმობ შეტევით ბრძოლებში მონაწილეობას, სადაც ხდება ხოლმე ტყვედ აყვანა. ამიტომ ის ვერც დაინახავდა ასეთ ფაქტს, რომ ტყვე იყო დახვრეტილი, არც ვერავინ ვერ მოუყვებოდა ასეთ ფაქტს იმიტომ, რომ ასეთი ფაქტი იქ არ ხდებოდა,' - აცხადებს გიორგი ვაშაკიძე.

ცნობისთვის, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყების კითხვებს ვეტერანები და ომის უშუალო მონაწილეები პასუხობენ. პროკურატურამ გამოძიება გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

დღის ამბები