საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე "ოსკარი" ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ.
"ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც საკონკურსო განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღებს.
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის: ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს; უნდა იყოს წარმოებული საქართველოში; ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე; ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები; შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1-ელი ოქტომბრისა და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე [email protected]. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხილეთ ბმულზე.
წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. შედეგები 2026 წლის 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.