08 აგვისტო 2026,   16:59
ვრცლად
ანტარქტიდაზე დინოზავრის ნამარხის არსებობა დაადასტურეს

ანტარქტიდის წარმოდგენისას, ალბათ, პირველ რიგში თოვლი, ყინული და უკაცრიელი სივრცეები გვახსენდება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. მილიონობით წლის წინ ეს კონტინენტი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა იზრდებოდა ტყეები, არსებობდა  მდიდარი მცენარეული საფარი. როგორც გაირკვა, აქ ცხოვრობდნენ დინოზავრებიც. 

ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი უჯრაში დაბრუნებაა. ნამარხი 1985 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერებმა მისი მნიშვნელობა მაშინ ვერ დაადგინეს. ის უბრალოდ კოლექციაში მოხვდა და ათწლეულების განმავლობაში სხვა ნიმუშებთან ერთად ინახებოდა. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ სამეცნიერო აღმოჩენა ყოველთვის ახალი ექსპედიციის შედეგი არ არის. ზოგჯერ ახალი აღმოჩენა შეიძლება უკვე აღმოჩენილ ნივთში იმალებოდეს. მეცნიერებას კი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ძველი მასალები ხელახლა შეისწავლოს, ახალი ტექნოლოგიებით გააანალიზოს და თანამედროვე ცოდნას შეადაროს. ამ შემთხვევაში 1985 წელს ნაპოვნმა პატარა ძვალმა თითქმის 40 წელი გაატარა კოლექციაში, სანამ მკვლევრები საბოლოოდ მიხვდებოდნენ, რომ ხელში ანტარქტიდის დინოზავრის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭირათ. სამწუხაროდ, აღმოჩენის ავტორი, გეოლოგი მაიკ ტომსონი, 2020 წელს გარდაიცვალა და ვერ მოესწრო იმ მომენტს, როდესაც მისი ნაპოვნი ნიმუშის ნამდვილი ვინაობა დადასტურდა.

ნამარხი ჯეიმს როსის კუნძულზე იპოვეს და მისი აღმოჩენიდან თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ დადგინდა, რომ ის ტიტანოზავრის კუდის მალაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანტარქტიდის კონტინენტზე აღმოჩენილი დინოზავრის ნამარხი მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს. კვლევის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის ივნისში გავრცელდა. ამ სახეობის დინოზავრები იყვნენ გრძელკისერა ბალახისმჭამელები, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენელი დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე დიდ ხმელეთის ცხოველებს შორის იყო. რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ძვალი პირველად შევნიშნე ჩვენს კოლექციაში, ვიეჭვე, რომ ის დინოზავრის იყო“, ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის გეოლოგიური კოლექციებისა და ლაბორატორიების მენეჯერი.

წლების წინ, ჯეიმს როსის კუნძულზე, ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის სამსახურის ექსპედიციის დროს გეოლოგი მაიკ ტომსონი იმ ტერიტორიაზე მუშაობდა, როდესაც ნამარხი ძვლის ფრაგმენტი აღმოაჩინა. იმ დროს ეგონათ, რომ შესაძლოა ის დიდი ზომის ქვეწარმავალს ეკუთვნოდა. ნიმუში შეაგროვეს და ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის სამსახურის კოლექციაში მოხვდა. პალეონტოლოგმა მარკ ევანსმა ნიმუში უფრო დეტალურად შეისწავლა და მისი ფორმა სხვა ცნობილ ნამარხებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი დიდი ქვეწარმავლის ძვალი კი არა, დინოზავრის მალაა. უფრო კონკრეტულად, კუდის მალა, რომელიც ტიტანოზავრების ჯგუფს ეკუთვნის.

ტიტანოზავრები საუროპოდების ჯგუფს მიეკუთვნებიან იმ გრძელკისერა, ბალახისმჭამელი დინოზავრების, რომელთა შორისაც დედამიწაზე ოდესმე მცხოვრები ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველები იყვნენ. თუმცა ანტარქტიდაზე აღმოჩენილი ინდივიდი, სავარაუდოდ, მათ შორის გიგანტი არ ყოფილა. მეცნიერების შეფასებით, ცხოველი დაახლოებით 6–7 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო. თუმცა მკვლევრებს ჯერ არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, ზრდასრული იყო თუ ახალგაზრდა ინდივიდი, ამიტომ მისი საბოლოო ზომის შეფასება გარკვეულ გაურკვევლობას შეიცავს.

ეს აღმოჩენა მხოლოდ ერთი ძვლის ისტორია არ არის. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული იყო დედამიწა დინოზავრების ეპოქაში. დღეს ანტარქტიდა ყინულით დაფარული კონტინენტია, მაგრამ გვიან ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ, იქ გაცილებით თბილი გარემო იყო. მეცნიერების წარმოდგენით, ჯეიმს როსის კუნძულის რეგიონში არსებობდა ტყეები, სადაც იზრდებოდა გვიმრები, პალმები და წიწვოვანი მცენარეები. ანტარქტიდა მაშინაც სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ იქ ზამთარში ხანგრძლივი პოლარული ღამეები უნდა ყოფილიყო. თუმცა პლანეტის კლიმატი იმდენად განსხვავებული იყო, რომ ეს რეგიონი სრულად გაყინული არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ეს აღმოჩენა მეცნიერებს ეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ ცხოვრობდნენ დინოზავრები დედამიწის უკიდურეს სამხრეთში და როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი იმდროინდელ კონტინენტებს შორის. გვიან ცარცულ პერიოდში დღევანდელი სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია ერთმანეთთან დაკავშირებული ხმელეთის სისტემის ნაწილი იყო. მეცნიერების ერთ-ერთი ვარაუდით, ტიტანოზავრებს შესაძლოა სამხრეთ ამერიკიდან ანტარქტიდის გავლით ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიმართულებით გადაადგილება შეეძლოთ, ამიტომ ერთი პატარა ძვლის ფრაგმენტი შესაძლოა უფრო დიდი ისტორიის ნაწილიც იყოს იმ ცხოველების ისტორიის, რომლებიც მილიონობით წლის წინ იმდროინდელ სამხრეთ კონტინენტებზე გადაადგილდებოდნენ.

დღეს ამ აღმოჩენის წარმოდგენისას ყველაზე რთული სწორედ ეს არის: წარმოვიდგინოთ ანტარქტიდა დინოზავრების ეპოქაში. ყინულის ნაცვლად-ტყეები. თეთრი უდაბნოს ნაცვლად-მწვანე ლანდშაფტი. იმ სამყაროში, სადაც დღეს ადამიანები მხოლოდ მძიმე აღჭურვილობითა და სპეციალური ტექნიკით გადაადგილდებიან, მილიონობით წლის წინ გრძელკისერა ტიტანოზავრები დადიოდნენ. ერთი პატარა კუდის ძვალი, რომელიც ოთხი ათწლეულის განმავლობაში კოლექციის უჯრაში ინახებოდა, ახლა ამ დაკარგული სამყაროს არსებობის კიდევ ერთ მტკიცებულებად იქცა. შესაძლოა, ეს ისტორია აქ არ მთავრდება. ანტარქტიდის დიდი ნაწილი დღეს ყინულის ქვეშაა. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იციან იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ კონტინენტზე დინოზავრების ეპოქაში. შესაძლოა, იქ კიდევ ბევრი ნამარხი იმალებოდეს. უბრალოდ, ჯერ არავის უპოვია.

 

 

დღის ამბები