02 აგვისტო 2026,   13:53
ვრცლად
დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან. მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეთმობა. დეპუტატები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე.

ინტერპელაციის ფარგლებში, სარჯველაძეს პასუხის გაცემა ონკოპაციენტების მკურნალობის გამოწვევებზე, მედიკამენტების ხარისხსა და შშმ პირთა რეფორმაზეც მოუწევს.

"შეკითხვები ეხება როგორც დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას, იმ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც დღეს ბავშვების მშობლები აქტიურად მართავენ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან და, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც რეალურად აინტერესებთ და აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. ძირითადი ლოგიკა, რაც ვითარდება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკავშირდება თანხებს და ფინანსებს. სამწუხაროდ, როგორც თავად ამბობენ, ვერ მოიძებნა თანხები ბავშვების მკურნალობისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობაა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ფარულავა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, იქნება ძალიან აქტიური მსჯელობა, რისთვისაც ემზადება როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ, პრაქტიკულად განხილვაშია როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში. მიხეილ სარჯველაძემ უკვე არაერთხელ ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც დიუშენის სინდრომია, რა გამოწვევები გვაქვს დღეს ქვეყანაში და როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ იმოქმედოს ამ მიმართულებით. იცით, რომ ამ დაავადებული ბავშვების მომსახურების სპექტრი გაფართოვდა. იქნება ძალიან აქტიური მსჯელობა, რისთვისაც ემზადება როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლემიკის შედეგად, ჩამოყალიბდება ის ჭეშმარიტება, რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში," - აცხადებს ზაზა ლომინაძე.

დღის ამბები