11 აგვისტო 2026,   19:54
ვრცლად
გახარია და მიუნხენის კონფერენცია - "ქართული ოცნება" ყოფილ პრემიერს სიმულაციური რეალობის შექმნაში ადანაშაულებს

მიუნხენში, რომელ პანელზე ან რომელ ლიდერთან შეხვედრით გააკეთა საქმე საქართველოდან წასულმა ყოფილმა პრემიერმა - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მის თანაგუნდელებს არ სურთ. მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ სოციალურ ქსელში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა ხმამაღლა დააანონსა, დღეს, მის პარტიაში ამტკიცებენ, რომ საქმიანი შეხვედრების ამსახველი კადრის ან ფოტოს გადაღება, მათი ლიდერის სტილში არ ჯდება.

მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს სამი დღის განმავლობაში კურიერიც აშუქებდა. თუმცა, არცერთ პანელზე, სასტუმრო ბაიერჰერშოფში, გახარია "რუსთავი 2-ის" კამერის ობიექტივში არ მოხვედრილა. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ქვეყნიდან გაქცეული ექს-პრემიერი სიმულაციური რეალობის შექმნას ცდილობს, სინამდვილეში კი მას უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. გახარიას მხრიდან მსგავსი შინაარსის სიცრუის გავრცელებას არც ოპოზიციის ნაწილი გამორიცხავს.

ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ექს-პრემიერი ქართული პოლიტიკის ნაწილად აღარ აღიქმება. ფაქტის ამსახველი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, პარტია საქართველოსთვის წევრი, "ღამის კურიერში" იმასაც კი ამბობდა, რომ გახარია რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

თუმცა, გიგა ფარულავას არცერთი მათგანი არ დაუსახელებია და ვერც ის ახსნა, რატომ არ გასაჯაროვდა შეხვედრის ამსახველი მასალა, იმ ფონზე, როდესაც გახარიას ყველა აქტივობა სოციალურ ქსელებში მუდმივად ქვეყნდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევენ პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის წევრები. მათი თქმით, გახარია და მისი გუნდი, რეალურად, პოლიტიკური გაბანკროტების გადაფარვას ამ ფორმით ცდილობენ. მიუნხენში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უსაფრთხოების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება. წელს უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენდა.

დღის ამბები