ყაზახეთი ნავთობის ახალ მარშრუტებზე უკვე მუშაობს. ასტანა ალტერნატიულ გზებს, კონკრეტულად კი კასპიის ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობებს განიხილავს. ახალი სქემა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს ითვალისწინებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ საქართველო მზად არის ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობის გატარების შემთხვევაში ტრანზიტი უზრუნველყოს.
სიახლის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ სააგენტო "ინტერფაქს -ყაზახეთს" მიაწოდა. უწყებაში თქვეს, რომ "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" არასტაბილური მუშაობის ფონზე, ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებზე მუშაობს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ კასპიის ზღვიდან შავი ზღვის პორტებამდე, ბაქო-სუფსის მილსადენი ყაზახური ნავთობის დამოუკიდებლად ტრანსპორტირებას შეძლებს.
უკვე ცნობილია, რომ ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის 31-პროცენტიანი ზრდა დაგეგმა. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციაზე.
სატრანზიტო ნაკადების მატება რომ ქვეყნის შემოსავლების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, ამაზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტებიც.
2026 წლის იანვარ-ივნისში აქთაუს პორტის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 700 ათას ტონას გადააჭარბა. ნავთობსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს.