თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ამ სახლში ინდოეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს. ის კლიენტებისთვის აკრძალულ ნივთიერებებს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მომხმარებლებზე ნარკოტიკის გასაღებას დროებითი საცხოვრებელი ადგილიდანაც ახდენდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას 15, ბინის ჩხრეკისას კი 13 შეკვრა "ალფა-პვპ" ამოიღეს. გამოძიებამ ასევე ტელეფონის დათვალიერების შედეგად სხვადასხვა ლოკაციაზე დატოვებულ 7 შეკვრა ნარკოტიკულ საშუალებას მიაგნო. ნარკოდანაშაულში მხილებულ ინდოეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ე.წ. დამდებად მუშაობდა საქართველოს ერთი მოქალაქეც, რომელიც სამართალდამცველებმა ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მამაკაცის საცხოვრებელი ბინიდან ორ პაკეტად დაფასოებული "მეტადონი" ამოიღეს. სამი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება კი ბრალდებულს უკვე ლოკაციებზე ჰქონდა განთავსებული. ადგილმდებარეობის გაშიფვრის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული ნივთიერებები ამ ლოკაციებიდანაც ამოიღო.
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების გარდა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.