სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყების კითხვებს რამდენიმე წუთში ვეტერანი კოტე ოქრაძე უპასუხებს.
პროკურატურაში დღეს უკვე იმყოფებოდნენ გიორგი მათიაშვილი, ლევან გოგოლაური და ზურაბ შამუგია.
ზურაბ შამუგია გიორგი ბარამიძის განცხადებას ღალატს უწოდებს.
"პირველი დღიდან, 14 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, რომ ჩავერთე, ბოლომდის, 27 სექტემბრამდის, იარაღი არ დამიგდია და ვომობდი. მეომრებმა მაშინ და დღევანდელი ვეტერანების სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია. ასეთი შემთხვევა არ იყო. ასეთი რაღაცა არ არსებობს, შეუძლებელია. პირიქით, და გიხსნით. ტყვე ჩვენთვის იყო ძალიან დიდი წარმატება, რომ იმათ ჰყავდათ ტყვეები, აწამებდნენ იქ და ის ხალხი დაგვიხსნა უბედურებისგან და გაგვეცვალა ჩვენი ტყვეები.
ვისი დავალებაა, თუ ეს სჭირდება ვიღაცას, არ მგონია, რომ უცოდინარობის გამო თქვა ეს, ეს არის ღალატი. შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანობაში ყველა დაღუპულის ოჯახს, იმ დაღუპულ ბიჭებს და ყველა ვეტერანს," - განაცხადა ვეტერანმა, ზურაბ შამუგიამ.
პროკურატურამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.