საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველი გმირები დაივიწყეს და რუსეთთან ურთიერთობების დათბობა დაიწყეს.
მისი შეფასებით, იმდროინდელი ქმედებები გარედან მიღებული დავალება იყო, რის გამოც დღეს მათი მხრიდან პატრიოტიზმზე საუბარი მიუღებელია.
"გიორგი ანწუხელიძისა და ჩვენი სხვა გმირი ბიჭების თავდადების შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო მათი დავალება, ვისი გავლენის ქვეშაც ისინი არიან. მაშინ არ ახსოვდათ არც ანწუხელიძე, არც შინდისის გმირები და არც ჩვენი ამდენი დაღუპული ჯარისკაცი - პირდაპირ ეგებებოდნენ ამ ადამიანებს.
აი, ეს უსირცხვილოები, როგორ შეიძლება დღეს ხელისუფლებას რამეს მოუწოდებდნენ და ანწუხელიძის პლაკატებით დარბოდნენ?! 18 წელი გავიდა და დღეს დარბიხარ, ომიდან ორი წლის თავზე კი ტაშს უკრავდი, ლარსზე იდექი და რუს ტურისტებს ეგებებოდი; სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმე და რუსებისგან ინვესტიციებს ითხოვდი. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები, ომის შემდგომ კრემლში უმღეროდნენ რუსებს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს - მგონი, "უსამშობლოები" ყველაზე ზუსტი ეპითეტია, რადგან როცა სამშობლო გაწუხებს, მსგავსი ქმედებები წარმოუდგენელია.
ისინი საკუთარ ზრახვებს არც მალავენ. დაავალეს და არაჟნისა და ხაჭოს კონტეინერში ჩაჯდა, ისე გამოაგზავნეს საქართველოში [საუბარია მიხეილ სააკაშვილზე]. დაავალეს და აგვისტოს დღეებში ის უგუნური ქმედება განახორციელა. დაავალეს და უთხრეს, რომ რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი, ის თქვენი პარტნიორი უნდა იყოსო. დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს აქ ვინმეს კარნახით მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.