საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში თაობები შინდისის გმირების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ.
"დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდნენ თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. მათი გმირობა არის და იქნება სამაგალითო მრავალი თაობისთვის ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.