ძუძუთი კვების ირგვლივ არსებული მითები და რეალობა დღეს სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განმარტეს. ექიმები დედის რძის უალტერნატივობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. "ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს" - სწორედ ეს არის წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ჩვილისთვის, ცხოვრების პირველი დღეებიდან, დედის რძე ბავშვის მომავალი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელი საკვებია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დედის რძე ახალშობილის იმუნიტეტს აძლიერებს.
კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბითაც მიმდინარეობს. სამშობიარო დაწესებულებებში ორსულებსა და დედებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობა და მისი უპირატესობებია განმარტებული. მიზანი დედებისთვის სწორი ინფორმაციისა და საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა, როგორც ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, ისე შემდგომ პერიოდში.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კამპანიების გარდა აუცილებელია დედებს ორსულობის პერიოდიდანვე ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე, რათა ბავშვის ჯანსაღი ცხოვრება უზრუნველყონ.
ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი.