"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებსა და შეცვლილ მიდგომებზე პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რატომ დუმს უკვე მეორე კვირაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სხვა თემებზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ სცემს პასუხს საზოგადოების კითხვებს - რატომ ხვდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებს, რატომ თანამშრომლობდა ოკუპანტ ქვეყანასთან და რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერი ხელოვანები რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად.
ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების ორმაგ სტანდარტებზე მედიასთან რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
"საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე. ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს.
საკუთარ ოჯახში რომ შეუვარდეს ვინმეს მტერი, ოკუპანტი, და იმაზე არ გაბრაზდეს და გაუწვეს, ასე ვთქვათ, და შემდეგ სხვის ოჯახში შევარდნაზე ძალიან დიდი გაბრაზება და ემოცია გამოხატოს - ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისინი. უბრალოდ, მართლა შეიძლება შეცოდება ამ ხალხის ერთადერთი მთავარი მიზეზის გამო: ისინი ამ შემთხვევაში ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაბრაზდნენ და მაშინ არ უნდა გაბრაზებულიყვნენ - ეს არის განსხვავება. მას [მიხეილ სააკაშვილს] სათქმელი არაფერი აქვს იმ ხალხთან, ვინც მან თავისი ქმედებით გაწირა. ამიტომ დუმს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.