10 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი

მეხანძრეები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების დანაყოფები აღმოსავლეთ ესპანეთში კასტელის რეგიონში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ქალაქ კატიში სტიქიის ეპიცენტრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ახლომდებარე ქალაქ ტირიგში კი ცეცხლმა 19 კილომეტრის პერიმეტრზე მინიმუმ 700 ჰექტარი გაანადგურა. მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან სეგოვიას მთიანეთში, ცენტრალურ ესპანეთსა და სამხრეთ უელვას პროვინციაშიც. ასობით ქვეით მაშველთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია ავიაციაც.

ტყის ხანძრები მძვინვარებს საფრანგეთშიც. ცეცხლის ახალი კერა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სენ-ჟან-დილაკში გაჩნდა.

საფრანგეთის ქალაქ ლე პორჟიდან მასშტაბური ხანძრის გამო ევაკუირებულ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. მაცხოვრებლების ნაწილს ადგილზე დამწვარი სახლები და განადგურებული ნივთები დახვდათ. ფრანგმა სამართალდამცველებმა ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 166 არასრულწლოვანია.

აგვისტოს დასაწყისში გავრცელებულმა ხანძრის კერებმა საბერძნეთის არაერთი მუნიციპალიტეტიც მოიცვა. ატიკას მახლობლად სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და მწვანე საფარი გაანადგურა. დამწვარია ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და მინდვრები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანებთან ერთად სტიქიის ზონას ტოვებენ ცხოველებიც.

ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინციაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა ტყის საფარი. ცეცხლი გავრცელდა რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ, რის გამოც მატარებლით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

200-მდე ადამიანის, მათ შორის ტურისტების ევაკუაცია მოხდა 8 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შემდეგ იტალიაში, გარდას ტბის დასავლეთ სანაპიროზეც. სერბეთში კი ტყის ხანძრის შედეგად 300 ჰექტარზე მეტი ფიჭვნარი დაიწვა. სტიქიას ათობით მეხანძრე და პოლიციის ვერტმფრენები ებრძვიან. ტყის ხანძრების ლოკალიზებაში 200-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული ალბანეთშიც.

ევროპის გარდა მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს კანადაშიც. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის ზონის დატოვება 20 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.

კანადაში ხანძარი, რომელიც 7 აგვისტოს გაჩნდა, ამ დროისთვის დაახლოებით 136 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. პოლიციის განცხადებით, ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 80 წლის ქალი.

დღის ამბები