საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შინდისში 17 გმირ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგო.
"შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა.
დღეს, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში პატივი მივაგე 17 გმირ ქართველ ჯარისკაცს, რომელთა ბრძოლა ქართული სამხედრო ისტორიის გამორჩეულ მაგალითად იქცა.
შინდისის გმირებმა დაამტკიცეს, რომ სამშობლოს თავისუფლების დაცვა ქართველი ჯარისკაცისთვის მხოლოდ სამხედრო მოვალეობა არ არის - ეს საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო სიყვარულია. მათი სიმტკიცე და თავგანწირვა დღესაც გვახსენებს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი, როდესაც მის უკან სამშობლო დგას.
განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატე გმირების მშობლებთან შეხვედრისას. მადლიერების გადმოსაცემად მხოლოდ სიტყვები უძლურია - მათ აღზარდეს მამულიშვილები, რომელთა სახელებიც საქართველოს ისტორიას სამუდამოდ დარჩება.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალმა თაობებმა იცოდნენ შინდისის გმირების სახელები და ის ფასეულობები, რომელთა დასაცავადაც ისინი იბრძოდნენ.
სწორედ ასეთი გმირები გვაძლევენ რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია!
დიდება შინდისის გმირებს!"- აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.