ამერიკელი გლობალისტების ოცნება რომ მხოლოდ ოცნებად დარჩა, ამას სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს. მარკო რუბიოს უწყება, განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ნაცვლად მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და სახელმწიფოების ერთმანეთთან დაახლოებისა, პოლიტიკური აქტორების როლი მოირგეს და, დამახინჯებულ ლიბერალურ მცნებებზე დაყრდნობით, საკუთარი პარტაქტივის ჩამოყალიბება დაიწყეს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაფინანსება უწყდებათ. ვაშინგტონის ვერდიქტი უკვე ცნობილია. შტატები არ აღიარებს არც ამ ორგანიზაციების დასკვნებსა და არც რეზოლუციებს. პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამყარებას კი პირადი კონსულტაციებისა და დიალოგის მეშვეობით ეცდება.
ის, რასაც ვაშინგტონი ახლა ამბობს, თბილისში უკვე დიდი ხანია, იციან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ ახალი სტრატეგიულ დოკუმენტით, ამერიკამ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და საზოგადოების დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შტატების სტრატეგია მხოლოდ კრიტიკაა და ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება. ამ პოზიციის მიუხედავად, მაინც არ აქვთ პასუხი კითხვაზე, მაშინ, რატომ დახურა ჯერ კიდევ 1 წლის წინ რუბიოს უწყებამ USAID, რომელიც ენჯეოების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო წლების განმავლობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას შტატების მხრიდან სწორი პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები იხსენებენ იმ პერიოდსაც, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მომავალ საფრთხეებზე და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე - ოფიციალური თბილისი ხმამაღლა საუბრობდა რის გამოც, შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისა და კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ოფიციალური თბილისი თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს გეგმა, სტანდარტულად, ოთხ წელში ერთხელ ქვეყნდება. წლევანდელი სტრატეგით, სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა, რომლებიც, დემოკრატიული სტანდარტების გავრცელების ნაცვლად, პოლიტიკურ იარაღად იქცნენ და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საკუთარი, ინტერესების გასატარებლად გამოიყენეს.